ჟურნალი ნომერი 5 ∘ ანა ივანაშვილი ამირანისა და არსენას ტრაგედიამსოფლიო ხალხთა ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეპოსს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ჟანრის მსგავსი გავრცელება და პოპულარობა პირველ რიგში გამომდინარეობს ხალხური სიტყვიერების ბუნებიდან-ასახოს ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, ხედავს ან ფიქრობს. შესაბამისად, ეპოსში წარმოდგენილი მოტივები რეალური ცხოვრების ანარეკლია, რა თქმა უნდა, მხატვრულად გააზრებული. სირთულეებით აღსავსე გზა, ძალის დაკარგვა და ისევ განახლება, წინააღმდეგობა, რომლის გადალახვას მოსდევს თავიდან დაბადება,ხან - ამაღლება, ხან კი - დაცემა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ საფეხურებისა,რომელსაც ერთნაირად გადის ძლევამოსილი გმირიც და ჩვეულებრივი ადამიანიც. ეპოსი იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველია, რომ საკითხის ამგვარად დასმის საშუალებასაც იძლევა. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. ეპოსის გმირს ადამიანი ქმნის, საკუთარი ცნობიერებით, წარმოდგენებითა და ხედვით აცოცხლებს მის სახეს და ამასთანავე, წინ უსახავს გზას, რომელიც ცხოვრების მსგავსად, არაერთი გამოცდითაა სავსე. აქედან გამომდინარე, ნათელია ეპოსის დიდაქტიკური მნიშვნელობაც - განდიდების, გაამპარტავნების უარყოფა, ან თუნდაც შესაძლებლობა, რომ მსმენელმა თუ მკითხველმა გმირის შეცდომებზე ისწავლოს.
ჩვენს ამოცანას წარმოადგენს საგმირო ეპოსის გმირების -არსენასა და ამირანის სახეთა შედარება მათ მიერ განვლილი გზის საფუძველზე. ხსენებული საკითხის განხილვისას, პირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ზ.კიკნაძის თვალსაზრისი, რომ ამირანისა და არსენას ამბები ტრადიციული ეპიკური გმირის თავგადასავლის კალაპოტში მიედინება და ამ ორ ეპოსს შორის მსგავსება ტიპოლოგიურიცაა და გენეტურიც [კიკნაძე, 2001:107]. „არსენას ლექსში“ ზ. კიკნაძე გამოყოფს „ამირანიანის“ ანალოგიურ საფეხურებს, ამ ნიშნით ადარებს გმირებს და წარმოაჩენს მათ ერთგვაროვნებას. სტრუქტურირების თვალსაზრისით ამ ორი ძეგლის მსგავსება აშკარაა მიუხედავად იმისა, გავიზიარებთ თუ არა ყველა ეპიზოდის გაიგივებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა. ეპოსს აქვს ერთი შთამბეჭდავი თვისება-ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად ხედავს და აფასებს გმირს. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, თუ რა როლი ითამაშეს არსენასა და ამირანის ბიოგრაფიაში მათ მიერ განვლილმა ზღურბლებმა, რა გარდატეხა მოახდინა ამ განსაცდელმა მათ პიროვნებაში. ზღაპრის მოქმედ პირთა ფუნქციებზე საუბრისას ვ. პროპი აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებენ პერსონაჟები, ხოლო თუ ვინ აკეთებს და როგორ, ეს მეორეხარისხოვანია [პროპი, 1984:65]. საგმირო ეპოსის თავისებურებებიდან გამომდინარე, მთავარი გმირი მეტი ინდივიდუალობის მქონეა. „ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟებისგან განსხვავებით, ყველა ეპიკურ გმირს აქვს საკუთარი სახელი და ეპოსის ისტორიულობიდან გამომდინარე, მოქმედების საკუთარი ლოკალური არეალი“ [სიხარულიძე, 2020:73]. ამიტომ საგმირო ეპოსის პერსონაჟის სახეს ის გზა კი არ ძერწავს, რომელსაც იგი გადის და, ასე თუ ისე, საერთოა ყველასთვის, არამედ ის ქმედებები, რომელსაც იგი ამ გზაზე ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ამირანი და არსენა ორი თავისთავადი და ერთმანეთისგან განსხვავებული გმირია. ეს მსგავსება მხოლოდ გმირებთან დაკავშირებით კი არ არის ფორმალური, არამედ საკუთრივ ეპოსთან მიმართებითაც. რთულია, ეს ჟანრი რაიმე სისტემაში მოვაქციოთ მისი მდიდარი სიჟეტისა თუ პერსონაჟთა ხატვის პრინციპებიდან გამომდინარე. თუ მაინც შევეცდებით ეპოსის სქემატურად განხილვას, შეიძლება ამან ერთხელ შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს-დავინახოთ რაღაც მოტივი მისი არარსებობის შემთხვევაში ან სულაც მხედველობიდან გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ განსაზღვრულ სქემას ვერ დავუქვემდებარეთ.
ამირანის სახეში უფრო მეტად ჩანს მითოლოგიური პერსონაჟის ნიშნები, ვიდრე არსენასი. ამირანი ღვთის ნათლულია, სვანური ვარიანტის მიხედვით კი, ქალღმერთი დალის შვილი. შესაბამისად, როდესაც იგი დევებსა და გველეშაპებს სძლევს, ეს არ გვიკვირს ,სრულიად ბუნებრივადაც კი გვეჩვენება, რადგან გმირს აქვს რესურსი იმისა, რომ შეუძლებელი შეძლოს. რაც შეეხება არსენას ლექსს, აქ ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი კი არ დგას ცენტრში, არამედ უბრალო ადამიანი, ერთი შეხედვით არც არაფრით გამორჩეული საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან. არსენა უკვე რეალური ცხოვრების შვილია, სადაც არ არსებობს ამბრი არაბი, დევები თუ სხვა ფანტასტიკური ელემენტები. თუმცა მთქმელმა გმირად მაინც სასწაულებრივი ძალის მქონე პიროვნება აქცია. შეეძლო ამირანის დაღუპვა უბრალო მოკვდავს? ნამდვილად არა, ვინაიდან ეს იქნებოდა ადამიანური ძალისა და ღვთიური ძალის ჭიდილი, არსენას კი სწორედ უბრალო მოკვდავი კლავს. როდესაც ვკითხულობთ, რომ არსენამ ,,ორი თვის გამოსავალი გამოირბინა ორ დღესა“ [ქართული ხალხური..., 1970:272], ეს უკვე ჰიპერბოლად აღიქმება და არა რეალურ ფაქტად.
თუ ამირანის შობა მართლაც სასწაულებრივია და მისი ბობოქარი ბავშვობაც ბუნებრივია ნათლიისგან მიღებული ძალის საფუძველზე, არსენას შობა გასაიდუმლოებულია და დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რას მიანიშნებს ამ შემთხვევაში დაფარვა. ჩემი აზრით, ეს გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ,,არსენას ლექსში“ აქცენტი გაკეთებულია არა პერსონაჟის მთლიანი ბიოგრაფიის თხრობაზე, არამედ იმ ძირითადის წარმოჩენაზე, რამაც იგი სახელოვან გმირად აქცია. რაც შეეხება ბობოქარ ბავშვობას, ვფიქრობ, აქაც ძალის ჰიპერბოლიზებას უნდა ჰქონდეს ადგილი.
საცოლის მოპოვების ეპიზოდებში ნათლად ჩანს გმირთა ბუნებისა და მიზანდასახულების განსხვავება. ამირანისთვის ყამარის მოტაცება საგმირო ამბების ნაწილია, არსენას ქმედება კი გრძნობითაა ნაკარნახევი: „ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს, არსენას მოეწონება“ [ქართული ხალხური...1970:265].
ამირანი გველეშაპის მიერ გადაყლაპული გმირია, არსენასთან ეს მოტივი ციხე-აბანოს უკავშირდება. თავს დატეხილი განსაცდელი და ტყვეობა ნამდვილად აერთიანებს ამ ორ გმირს,თუმცა ამირანი დაფიქრების ნაცვლად თავხედობის ჟინმა შეიპყრო იგრი ბატონთან წასულს,ხელმწიფის ბრძანების ნაცვლად, ხელმწიფის თავი მიაქვს მასთან [ჩიქოვანი, 1947:318]. ციხიდან გამოქცეული არსენა თავის გადასარჩენად მდიდარს კი არ ძარცვავს, არამედ უბრალო ქალს ართმევს ცხენს, თუმცა ორი კვირის შემდეგ უბრუნებს პატრონს საქონელს. მიუხედავად იმისა, რომ დაუმსახურებელი განსაცდელი გამოიარა ნათლიმამის წყალობით, სიავეს მაინც არ უშვებს გულში. მეტიც, თუ ციხეში ჩასმამდე ფარსადანს მოკვლით ემუქრებოდა,გათავისუფლების შემდეგ ხელს იღებს ამ განზრახვაზე.
ზ.კიკნაძე ამირანისა და არსენას თავგადასავალში კიდევ ერთ საფეხურს,ჰუბრისს გამოყოფს. ვფიქრობ,პირველ შემთხვევაში ეს სრულიად სამართლიანია, მაგრამ რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ამირანის გაამპარტავნებაზე მხოლოდ მაშინ, როცა მან გაბუდაყების მწვერვალს მიაღწია? რა ხდება მანამდე? ტექსტებიდან ჩანს, რომ ამირანის არსებაში თავიდანვე ჩადებულია განდიდების თვისება, რომელიც ფეხდაფეხ დაჰყვება და ბოლოს ამპარტავნების ზენიტს აღწევს. რამ განაპირობა ამირანის გაბუდაყება? თქმულება მოგვითხრობს: ,,ქრისტე ღმერთმა ამირანს დაანათლა გაქანებულის ხის სიჩქარე, გაქანებულის ზვავის სიმარდე, თორმეტუღელა ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი“ [ჩიქოვანი, 1947: 313]. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი უკვე უბიძგებს მას, რომ სხვებზე ამაღლდეს. ისინი ხომ ვერც სიჩქარით შეეჯიბრებიან და არც მათი სიმარდე ჰგავს ჩამოწოლილ ზვავს. არსენას კი რა ჰქონდა გასაბუდაყებელი? არსენა შვილია იმ უსამართლო ყოფისა, რომელიც მდიდარ მებატონეს სიცოცხლით ტკბობის საშუალებას აძლევს, ხოლო ღარიბ, უბრალო ადამიანს არსებობისთვის ბრძოლის უნარსაც უკარგავს. ერთია დაინახო უსამართლობა, მეორეა, იპოვო საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უსამართლობას აღუდგე წინ. ძნელად წარმოსადგენია ამპარტავანი სხვისთვის იბრძოდეს, დღის სინათლესა და ღამის მშვიდ ძილს თმობდეს, თავის პერანგს იხდიდეს და ღარიბს მოსავდეს. არსენა შეცდომას უშვებს, როცა წითელ პარასკევს ღვინოს სვამს, მაგრამ სიკვდილის წინ, როცა სიცოცხლესთან განშორების, ტკივილის, იდუმალებისა და შიშის განცდები ერთმანეთში ირევა, იგი მაინც სხვა ადამიანთა გასაჭირზე ფიქრობს. ჰუბრისი ხომ მხოლოდ საკუთარ სიმაღლეზე ფიქრია და არა სხვის განსაცდელზე...
ტრაგედია- ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ ამით ჰგავს ერთმანეთს ამირანისა და არსენას ცხოვრება. პიტერ ბურიანი ტრაგედიის რამდენიმე მოდელზე საუბრობს. მათ შორის ერთ-ერთია დამსახურებული სასჯელის მოდელი. რას მოიაზრებს ამგვარი განმარტება? იგი ,,დაფუძნებულია წარსულ დანაშაულზე, რომელმაც ამასთანავე შეიძლება მოიცვას კონფლიქტი ღმერთებსა და მოკვდავებს შორის,სადაც მოკვდავის მიერ ღვთიურის გამოწვევა მისი დესტრუქციით მთავრდება“ [რატიანი 2011:42]. ამირანის ამბავი სწორედ ამ მოდელს შეესაბამება. სასწაულებრივ წარმოშობას თან ერთვის დანათლებული ძალაც და ჩვენ წინაშეა ტრაგედია გმირისა, რომელიც ჩვეულებრივ სამყაროში მოვლენილა არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით და რომლის პიროვნებაშიც მუდმივი ჭიდილია ორ-ადამიანურ და ღვთიურ ბუნებას შორის. გმირს თანდათან ძალა უკვე ტვირთად ექცა,რომელსაც ბოლომდე თუ არ დახარჯავ, ნელ-ნელა დამძიმდება და მხრებზე დაგაწვება. თავდაპირველად ამირანი მიწაზე იდგა და აქედან გასცქეროდა სამყაროს. მერე კი ზეცისკენ გაექცა თვალი, თუმცა დაავიწყდა,რომ ამით თვითონვე გაიკვალა გზა სასჯელისაკენ, ,,ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ [ლუკა 14:11].
რაც შეეხება არსენას ტრაგედიას, იგი ჩვეულებრივი ადამიანია და შესაბამისად, წმინდა ადამიანური ემოციები მართავს. მან,როგორც კეთილშობილმა ყაჩაღმა, საკმაოდ მძიმე ამოცანა იტვირთა, მერე ამ ტვირთს ვეღარ გაუძლო და ღალატითა თუ წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე დაეცა. ეს დაცემა არ ჰგავს ამირანის ამპარტავნებას. ეს დაცემა ადამიანური ცოდვაა,რომელმაც ყოველივე დაავიწყა და ყველაზე მძიმე დღეს სასმისი ააღებინა ხელში.
როგორ გამოვლინდა ტრაგიზმი გმირთა ცხოვრებაში? ამირანი საკუთარი ჰუბრისის გამო ისჯება მიჯაჭვით უფლის მიერ. არსენას შემთხვევაში მთქმელი გამუდმებით იმეორებს სიტყვებს გმირთან მიმართებაში: ,,ღმერთი როგორ წაახდენსა“. ჩემი აზრით, არსენა არ არის გაამპარტავნებული გმირი, მას თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში ახსოვს უზენაესი ძალა, მორალი და უფლის მცნება- ,,არა კაც ჰკლა“. ამას ჯერ ფარსადანის დანდობით ამტკიცებს, შემდეგ კი კუჭატნელისადმი მიმართული სიტყვებით: ,,ვერ გაგიმეტე, გიორგი“. თუ დავუშვებთ იმას, რომ არსენა არ გაბუდაყებულა, საფიქრებელია, რომ მისი სიკვდილი უფლის მიერ მოვლენილი სასჯელი არ უნდა იყოს.
უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოტივი, რომელიც ორივე გმირს აერთიანებს და დიდ როლსაც ასრულებს მათი ტრაგიკული ბედის გააზრების საკითხში. ეს არის ღალატი.,,ამირანიანის“ შემთხვევაში, ხშირად მოღალატეებად გმირის ძმები აღიქმებიან მისივე სიტყვების გამო: ,,მტერიც არ მიზამდა იმას,რაც შენ მიყავიო,მუდამ მღალატობ,მუდამ ჩემი მარცხი და ღალატი გიძევ გულშიო“, თუმცა რამდენად სწორია ეს შეფასება? ამ კითხვას ისევ ეპოსის სიტყვებით ვუპასუხებ: ,,რაკი დაინახეს ძმებმა ,ამირანს უჭირსო, მაშინვე გაიქცნენ ამირანის საშველად“. განა ასე იქცევიან მოღალატე ადამიანები?! ძმები ნამდვილად იხევენ უკან გველეშაპებთან ბრძოლაში,მაგრამ პირველ ყოვლისა,ამირანმა მათ ყური არ დაუგდო და ეს განსაცდელიც თავადვე დაიტეხა თავს და მეორეც, ბადრისა და უსიპისთვის ეს ბრძოლა შეუძლებელიც კი იქნებოდა,ვინაიდან, ამირანისგან განსხვავებით,არ ჰქონდათ რესურსი და შესაძლებლობა ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისა. ვფიქრობ, თუ ,,ამირანიანში“ ვინმეს ღალატის მოტივს მივაწერთ, ეს თავად ამირანი უნდა იყოს. გმირი სვანურ ვარიანტში სამგზის უარყოფს ღმერთის სახელით დადებულ პირობას და ამით უფალსაც ღალატობს და საკუთარ პატიოსან სიტყვასაც. ,,არსენას ლექსში“ ეს მოტივი ფარსადანს მიეწერება. ნათლიმამა უკუაგდებს უწმინდეს კავშირს და გვაჩვენებს,რომ შეიძლება რამდენიმე გროშის სანაცვლოდ გაგიმეტოს ვინმემ ციმბირისთვის, სიცივისთვის, მარტოობისთვის,სიკვდილისთვის,თუმცა მეორე მხარეს არსენასნაირი ადამიანები დგანან და მიუხედავად ყველაფრისა, ამბობენ: ,,ვაპატივე ნათლიმამას, ჯერ მირონს და მერე ღმერთსა“.
არსენას ბოლო სიკვდილია, მოკვდავთათვის გარდაუვალი. ამირანის ბოლო კი მიჯაჭვა აღმოჩნდა,რომელიც დღემდე გრძელდება და არც ექნება დასასრული. მიჯაჭვა სასჯელია,თანაც უფრო მძიმე,ვიდრე სიკვდილი. ამირანს არაერთხელ მიეცა გარდაქმნის შესაძლებლობა. განა სხვა რა იყო ძალის განახლება?გველეშაპის მოვლენილი განსაცდელი და ხელახლა შობაც ხომ დასაწყისი იყო საკუთარი დიდებით დაბრმავებული გმირისთვის?! რამდენჯერ შეიძლება მიიღოს ამგვარი შესაძლებლობა ამირანმა? ან, რა მოხდება თუ ერთხელაც გათავისუფლდება? მაშინ ადამიანთა მშვიდი ცხოვრება, ახალი დროის ჩვეულებრივი ყოფა და კანონზომიერება სულ მარტივად დაინგრევა.
ჩემი აზრით, ამირანი იმედით დასჯილი გმირია, ვინაიდან თვით სიცოცხლეა იმედი. იმედი იმისა,რომ იმ ჩიტივით გათავისუფლდება,მის წინაშე რომ დაფრინავს ხოლმე, ან ის მონადირე დაბრუნდება და სასჯელის მოხსნას შეძლებს, მაგრამ თავისუფლებას მოწყურებული გმირი, რომელსაც უკვე ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს ამისი ფასი, პატარა ჩიტსაც არ ინდობს და მოსაკლავად იმეტებს. სწორედ ეს არის პირდაპირი მინიშნება ამირანის მუდმივი სასჯელისა. იგი იმდენად დაშორდა ღმერთს, საკითხავია, ოდესმე შეძლებს კი მასთან დაბრუნებას და თავისუფლებას? სიძულვილის, მრისხანებისა და ამპარტავნების გზას ხომ ისევ ტყვეობისა და ბორკილებისკენ მივყავართ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მართალია, ორი ტრაგიკული გმირის -ამირანისა და არსენას თავგადასავალი ტრადიციულ ეპიკურ სტრუქტურას ექვემდებარება, მაგრამ ცხოვრებისეული საფეხურების თუ ზღურბლების გავლის შემდეგ ისინი სრულიად განსხვავებულ პიროვნებებად ყალიბდებიან. ამიტომ ბედიც სხვადასხვანაირი აქვთ. თუ გაამპარტავნებული ამირანი მარადიული სასჯელისთვისაა განწირული, ადამიანთა თანამგრძნობ არსენას იმქვეყნად „ღმერთი როგორ წაახდენსა“.
ლიტერატურა:
კიკნაძე ზ.2001. ქართული ხალხური ეპოსი. გამომც. „ლოგოს პრესი“. თბილისი.
პროპი ვ. 1984. ზღაპრის მორფოლოგია. გამომც. „მეცნიერება“. თბილისი.
რატიანი ი. 2011. ფაბულა და სიუჟეტი. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.თბილისი.
სიხარულიძე ქ. 2020. ადამიანი-პერსონაჟის მხატვრული სახის დინამიკა ფოლკლორულ შემოქმედებაში. მე14 საერთაშორისო სიმპოზიუმის - აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი -მასალები, თბილისი.
ქართული ხალხური... 1970. ქართული ხალხური სიტყვიერება (ქრესტომათია). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი
ჩიქოვანი მ. 1947. მიჯაჭვული ამირანი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.